კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა

პუბლიკა

დღეს, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, კატო მიქელაძის რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი გამოვლინდა. წელს კატო მიქელაძის პრემია გამოცემა “ტაბულას“ ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს გადაეცა.

ქალთა ფონდი საქართველოში ყოველ წელს კატო მიქელაძის პრემიას უფლებების დამცველ  ერთ აქტივისტ ქალს გადასცემს. წლევანდელი პრემიის თემა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა იყო და ის ქალი უფლებადამცველები განიხილებოდნენ, რომლებიც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობენ, მაგრამ მათი საქმიანობა მიმართულია უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება  და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, საერთაშორისო ფემინისტური ფონდი – „მამა ქეში“ და Sigrid Rausing Trust.

კატო მიქელაძის პრემიაზე წელს 16 კანდიდატი იყო ნომინირებული.

ქალთა ფონდმა საქართველოში, „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ 2013 წელს დააწესა.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.

როგორც ქალთა ფონდში ამბობენ, კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისებაა.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წელს –  მარინა თაბუკაშვილი – ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი; 2015 წელს – ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება; 2016 წელსეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი; 2017 წელს – ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი; 2018 წელს – იდა ბახტურიძე, ფემინისტი აქტივისტი. სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკაშვილს.

LB loan image desktop LB loan image mobile