​კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს

პუბლიკა

​კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტი, „მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი დააკავეს.

ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი. გელა მთივლიშვილის ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

ორგანიზაციის იურისტმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ პოლიციის ამავე განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია გადაყვანილი.

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების პროცესში ფიზიკურად იძალადეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტზე. რატი რატიანი მუშაობის დროს პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას უთხრა, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიის კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

23 იანვრის დილის 9 საათიდან კეკელიძეზე ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და აპროტესტებდნენ გამოსახლების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიურომ იძულებითი აღსრულების ღონისძიება სისრულეში მოიყვანა და ოჯახი ძალის გამოყენებით გამოიყვანა ბინიდან.

კეკელიძის 1 ნომერში იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა.