კელი და კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა თვალი უნდა გაუსწორონ საქართველოში არსებულ საფრთხეებს

პუბლიკა

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე არსებული პლატფორმა Just Security საქართველოს შესახებ აქვეყნებს ანალიზს, რომლის ავტორებიც აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი არიან.

სტატიის ავტორების შეფასებით, მმართველი პარტია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შეზღუდვით ავტორიტარულ, ერთპარტიულ მოდელზე გადადის.

მასალაში საუბარია იმაზე, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გააძლიერონ მიზნობრივი წნეხი და პერსონალური სანქციები, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია და დასავლური ტრაექტორიიდან გადახვევა.

ავტორების შეფასებით, პროცესი დაიწყო არასამთავრობო სექტორის შეზღუდვით – კერძოდ, რუსული „უცხოეთის აგენტების“ კანონის ანალოგის მიღებით, რამაც მრავალ ორგანიზაციას საქმიანობის შეჩერება ან შეზღუდვა აიძულა. პარალელურად, გაიზარდა ფინანსური და სამართლებრივი წნეხი დამოუკიდებელ მედიაზე, რის გამოც საზოგადოებას პროცესების კონტროლისა და მონიტორინგის ბერკეტები ეზღუდება.

„ხელისუფლებისგან ხელშეუხებელნი არც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დარჩენილან. მთავრობა ახორციელებს წნეხს ბიზნესზე, რათა მათ არ მიიტანონ რეკლამა, ხოლო ტელეარხებს თითქოსდა ანტისამთავრობო შინაარსის გაშუქებისთვის უსაფუძვლო ჯარიმებს აკისრებს.

ამის გამო, ერთ-ერთმა წამყვანმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა, ხოლო მეორემ შეამცირა გადაცემები და თანამშრომლები დაითხოვა. მ

ედიაზე რეპრესიების გაძლიერების ფონზე, ცნობილი ჟურნალისტი ვახო სანაია ამჟამად 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის“, – ნათქვამია მასალაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სექტორის შემდეგ სამიზნედ ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები იქცნენ. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულ სისხლისსამართლებრივ საქმეებსა და პარტიების შესაძლო აკრძალვის ინიციატივებზე.

მმართველი ძალის მიერ „ხელოვნური ოპოზიციის“ (მაგ. „ხალხის ძალის“) შექმნა შედარებულია რუსეთში არსებულ პოლიტიკურ მოდელთან, სადაც ფორმალურად არსებობს მრავალპარტიულობა, თუმცა რეალურად ძალაუფლება ერთ ცენტრშია კონცენტრირებული.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მკვეთრად პროდასავლური განწყობების მიუხედავად, ხელისუფლების მოქმედებები ეწინააღმდეგება ამ კურსს; ხაზგასმულია დასავლეთთან  ურთიერთობების გაციება, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და პარალელურად ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოება.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ვითარება მხოლოდ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესებს ემსახურება.

კელისა და კრამერის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციები საზოგადოების წინააღმდეგობას გამოხატავს.

ავტორები აფრთხილებენ დასავლეთს, რომ თუ პოლიტიკური ცვლილების მშვიდობიანი გზები დაიხშობა, გაიზრდება შიდა დაპირისპირებისა და სამოქალაქო მღელვარების რისკი, რამაც შესაძლოა რუსეთს სამხედრო/პოლიტიკური ჩარევის საბაბი მისცეს.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციებსაც:

„უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა გააფრთხილოს მოსკოვი ნებისმიერ იდეაზე, რაც საქართველოში სამხედრო ჩარევას უკავშირდება. ამასთან, მან უნდა დააწესოს მკაცრი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ და მოუწოდოს ევროკავშირს, იგივე გააკეთოს ივანიშვილის წინააღმდეგ.

ეს ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს, რომლებიც მიზანში ამოიღებს ივანიშვილის მარიონეტ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მისი კაბინეტის დანარჩენ წევრებს, ასევე უდანაშაულო ადამიანების დევნაზე პასუხისმგებელ მოსამართლეებსა და პროკურორებს. ზოგიერთი მოსამართლე უკვე სანქცირებულია, თუმცა ამ სიას ბევრად მეტი უნდა დაემატოს.

საბედნიეროდ, ასეთი ფასის დაკისრების მექანიზმი უკვე არსებობს: კონგრესის განხილვაშია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფართომასშტაბიან სანქციებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიას უთხრიან ძირს. წარმომადგენელთა პალატამ მას ხმათა დიდი უმრავლესობით (349-82) უკვე დაუჭირა მხარი და ის იოლად გაივლის სენატსაც, თუ თეთრი სახლი მისდამი მხარდაჭერას გამოხატავს.

შეერთებულ შტატებს ამჟამად არ ჰყავს სენატის მიერ დამტკიცებული ელჩი თბილისში და ამ პოსტზე წარდგენილიც კი არავინ არის. ეს აჩვენებს ინტერესის ნაკლებობას იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირები ჰქონდა ამერიკასთან…

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უფრო დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.  უნდა დაუდგნენ გვერდით საქართველოს ხალხს და წინ აღუდგნენ მმართველ პარტიას, რომელიც ამერიკის მტრებთან დაახლოებას ცდილობს“, – ნათქვამია სტატიაში.