კელი დეგნანი შეურაცხყოფს მთელ ქართველ ამომრჩეველს - დიმიტრი ხუნდაძე

პუბლიკა

დეპტატი დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას და ამბობს, რომ ეს არის არა მხოლოდ ერთი დეპუტატის, არამედ ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

„მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის”. – ამბობს ხუნდაძე.

„ როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მითუმეტეს, შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.” – აცხადებს ხუნდაძე.

მისი თქმით, კითხვებზე პასუხია საჭირო. „თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა ? როცა ის ამბობს,რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?

თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს“,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით. ელჩი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, როცა „ოცნების“ ყოფილი წევრების და მოქმედი ლიდერების დეზინფორმაციული ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა. ის სვამს შეკითხვას, თუ რა არის ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მოტივი.

მანამდე დეპუტატმა ყაველაშვილს კელი დეგნანს წერილით მიმართა და სტრატეგიული პარტნიორი იმ ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომლებიც „საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ”. შეგახსენებთ, რომ ამ კონსპირაციულ თეორიას დეგნანმა რუსული ეფესბეს ნარატივი უწოდა.