კენჭისყრა სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე 30 აპრილისთვის გადაიდო

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი ფეიბუქზე წერს, რომ კენჭისყრა, რომელზეც მისი უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უნდა განეხილათ, დღეის ნაცვლად ხუთშაბათს, ანუ 30 აპრილს გაიმართება.

„რა თქმა უნდა, იყო მოლოდინი, რომ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის კენჭისყრა დღეს იქნებოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკის, სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერაში, ამიტომ კენჭისყრისთვის ხუთშაბათს მოვემზადებით“, – წერს სააკაშვილი.

გამოცემა „პრავდის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი კანდიდატურის მხარდასაჭერად ფრაქცია „ხალხის მსახურის” დეპუტატების უმრავლესობის დარწმუნება ვერ მოახერხა. „პრავდის” ცნობით, საჭირო იყო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შემადგენლობის 70%-ის მხარდაჭერა, ახლა კი სააკაშვილს მოუწევს, ხმები სხვა ფრაქციებიდანაც შეაგროვოს.


22 აპრილს სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა დღეს უნდა გამართულიყო.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ, თუ უკრაინა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. გახარიას თქმით, ასეთ შემთხვევაში, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“.

მთავრობის ამგვარ გამოხმაურებას „მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“ უწოდა ოპოზიციამ.