კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის განახლებას სექტემბერში შეძლებენ - მთავრობა

პუბლიკა

გუშინ კერძო ბაღებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია გაავრცელა.  ისინი ითხოვენ, დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად.

პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„პუბლიკას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ კერძო ბაღები მუშაობის განახლებას სექტემბერში შეძლებენ, ისევე, როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ბაღების სააგენტოში კი ამბობენ, რომ კერძო ბაღებთან მათ შეხება არ აქვთ, რადგან კომერციული ორგანიზაციები არიან და მათი რეგულირების ქვეშ ვერ ექცევიან.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ  ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის ამ სექტორზე არავინ საუბრობს. მეტიც, შეკითხვების მიუხედავად, პასუხებს არავინ იძლევა.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვნება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად”, – ნათქვამია პეტიციაში.