„კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული" - პაპუაშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

„თქვენ ხართ კერპთაყვანისმცემლები და ფარისევლები“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თინა ბოკუჩავას და დავით ხაჯიშვილს, რომლებმაც პარლამენტის დარბაზში საქართველოს და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.

„არ ვიცი, რა ნაბიჯი დავარქვა ამას… ამ დარბაზში საქართველოს დროშა არის საპატიო ადგილას. თქვენ დროშას „სკოჩით” რომ აწებებთ, არის დროშის უპატივცემულობა. დროშას ეცით პატივი, ამ დარბაზს ეცით პატივი. „სკოჩით” რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას. ეს იქნება ევროკავშირის, თუ საქართველოს დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა. სინამდვილეში, თქვენ დროშას კი არ სცემთ პატივს, კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული”, – მიმართა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა უპასუხა. თქვა, რომ პაპუაშვილის შენიშვნა დროშის გადმოფენასთან დაკავშირებით იყო უადგილო და არასწორი.

„15 წლის ასაკიდან ამ დროშას ვაფრიალებ, ჯერ ბათუმში, შემდეგ სტუდენტობის დროს უცხოეთში, ღირსების რევოლუციაზე უკრაინაში და ა.შ. სხვადასხვა ხერხით დამიმაგრებია ეს დროშა, თოკითაც, მხრებზეც გვიტარებია, ამიტომ თქვენი შენიშვნა იყო უადგილო და არასწორი“, – თქვა დავით ხაჯიშვილმა.