ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პროკურატურას მიმართავს გამოძიების განახლების მოთხოვნით.
როგორც ის ამბობს, გუშინ გამოქვეყნებული „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოცემულ ინფორმაციაზე სამ წელზე მეტია საუბრობს, უამრავი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომლიც ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს. თუმცა, როგირც ის აღნიშნავს, მაინც მძიმე იყო მისთვის ამ ჩანაწერების წაკითხვა.
„სწორედ ამ საკრალურ ჩანაწერს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, ან კეთილდღეობა. აი, ამ დამნაშავე ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენ ხან რაღაც პუნქტების შესრულებას, ხან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხან კიდევ სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან და მისი პროკურატურისგან, დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ აუცილებლად მიმართავ პროკურატურას ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გამოძიების განახლების მოთხოვნით. ეს როგორც იტყვიან, ოქმისთვის, დანარჩენს დრო გვანახებს”, – წერს ის.
ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ 2020 წელს შედგენილ დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები და რეკომენდაციები.
ამავე ანგარიშში წერია, რომ მამხილებლის მიერ მათთვის გადმოცემული დოკუმენტაცია დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმიური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია მიეცა.
თავად ია კერზაია აღნიშნულ ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ რამდენიმე ფორმატში განაცხადა.
სატელევიზიო კომენტარში ია კერზაია აცხადებდა, რომ მას პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა. სამინისტროს მიერ ჩატარებულ არაგეგმიურ ინსპექტირებას კერზაია ამ მოვლენების გამო მისი დასჯის ღონისძიებად განიხილავდა.
2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია.
„2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე სკოლებზე არსებული ზეწოლის შესახებ ეჭვებს აღრმავებს ის გარემოება, რომ ამ წელს განხორციელებული 7 ინსპექტირებიდან 6 ინსპექტირება მოქალაქეთა განცადებების საფუძველზე ჩაატარა. ექვსივე განცხადება პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში, ნოემბრის თვეშია რეგისტრირებული.
აქვე, აღნიშნული განცხადებები სამი განცხადების შინაარსი და ფორმა ერთმანეთს ჰგავს. ია კერზაიას საქმის პარალელურად, 2018 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
პედაგოგებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს ზემდგომი პირები თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას თუ მის სასარგებლოდ აგიტაციას ავალებდნენ”, – წერია ანგარიშში.