გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებში სკოლის დირექტორთა პოლიტიკური დოსიეებიც აღმოჩნდა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციები წერენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს წარმოდგენილი გარემოებები და მამხილებლის მიერ გადაცემული დოკუმენტები, რომლებიც, ძირითადად, შეადგენდა 2018-2019 წლებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას. ფაილებში იყო უფრო გვიანდელი, 2020 წლის პერიოდის დოკუმენტებიც.

2020 წელს შედგენილ დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები და რეკომენდაციები. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იმ დირექტორებზე, რომლებსაც სამინისტრომ 2020 წელს უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა, არსებობდა „უარყოფითი“ დახასიათება.

2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1003 დირექტორიდან, რომლებსაც 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, 891 გაუგრძელა უფლებამოსილება, ხოლო 112 მოვალეობის შემსრულებლად არ გადანიშნა.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ერთგვარი სადამსჯელო ზომა იყო მათ მიმართაც, ვინც მმართველი პოლიტიკური გუნდის შეხედულებებს არ იზიარებდნენ, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას თავს არიდებდნენ ან პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების გზა აირჩიეს.

  • სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ  ამ 112 დირექტორიდან 95 დირექტორი „უარყოფითად“ იყო შეფასებული.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას – 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – 89.

დოკუმენტის მიხედვით, დირექტორებს განათლების ადგილობრივი რესურსცენტრი, პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი აფასებდნენ. დირექტორების შეფასებები დაყოფილი იყო თვეების მიხედვით, რომელ თვეებშიც მათი ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა.

დირექტორები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდებოდნენ და შესწავლილი დოკუმენტები მოცემულია ანგარიშში. 

დოსიეებში დირექტორებზე შემდეგ ჩანაწერებს ვხვდებით:

  • „იყო კითხვები მის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით არჩევნებზე“;

  • „არის შრომისმოყვარე, წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. მეორე ტურში შეგნებულად გაერიდა სიტუაციას და იმყოფებოდა… პოლიტიკურად არამდგრადი. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი კანდიდატურის განხილვა ხსენებულ პოზიციაზე“;

  • „უარყოფითი, თავს არიდებს მითითებების შესრულებას. ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ. მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი“;

  • „უარყოფითი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდა პარტია „ევროპულ საქართველოს“.  მიზანშეუწონელია, დაინიშნოს თანამდებობაზე“;

  • „არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი. მიზანშეწონილია, დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

დოკუმენტის მიხედვით, სუსი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;
  • არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ დირექტივებს;
  • დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;
  • „ფარულად თანაუგრძნობდა“ ოპოზიციურ პარტიას;
  • „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო” პირი იყო;
  • მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;
  • მას არ გააჩნდა „საარჩევნო რესურსი“ და სხვა.