ხადის ხეობაში მიწის კომპენსაციაზე თანხმობისთვის მოსახლეობას 5 დღე მისცეს - „მწვანე ალტერნატივა"

პუბლიკა

„მწვანე ალტერნატივა” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დააყენონ ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ და არ შელახონ მათი კონსტიტუციური უფლები, რომლის საშიშროებაც, მათი თქმით, საავტომობილო გზების მოთხოვნის შემდეგ დადგა.

„გასულ კვირას, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის საპროექტო ტერიტორიის არეალში მოქცეულ მოსახლეობას წერილით მიმართა. დოკუმენტი იტყობინებოდა, რომ მოსახლეობას 5 დღის ვადაში უნდა განეცხადებინა პასუხი მთავრობის მიერ შეთავაზებული მიწების საკომპენსაციო პაკეტთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათ ასევე უთხრა, რომ შეთავაზების უარყოფის  შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობას საპროექტო მიწებს იძულებით ჩამოართმევს. იმისათვის, რომ საკუთარი თანხმობა ხელშეკრულებით, ოფიციალურად დაადასტურონ, მაცხოვრებლებს იუსტიციის სახლში მისვლა ევალებათ.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენს ზეწოლას მოსახლეობაზე მიწის შესყიდვის პროცესში და, ამავდროულად, ის ქმნის  მოსახლეობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დარღვევისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის საშიშ პრეცენდენტს“,  – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ წერილში.

ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს:

  • „მოსთხოვოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას და სრულად დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, რათა თავიდან ავიცილოთ Covid-19 ის გავრცელება;
  • უზრუნველყოთ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა, მიწების შესყიდვის პროცესის წარმართვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად”.

წერილის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე;