ხადაში მაგისტრალის ასაშენებლად სასესხო შეთანხმებაზე დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ

ნათია ამირანაშვილი

ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, მაგისტრალმა ხადის ხეობაში უნდა გაიაროს, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მოახდინა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება. მისი თქმით, მაგისტრალის მშენებლობისთვის ჯამში დაახლოებით 558 მილიონია საჭირო, საიდანაც 415 მილიონი დოლარი (ეკვივალენტი ევროში), დაფინანსდა აზიის განვითარების ბანკისგან.

„60 მილიონი დოლარით კი ამ პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, დანარჩენი არის უკვე სახელმწიფოს თანამონაწილეობა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი ბიუჯეტში გათვალისწინებულია, სატენდერო პროცედურები არის დასრულებული, წელს მოხდება პირველი ტრანშების გადარიცხვა. შესაბამისად, რატიფიცირების შემდეგ მოხდება პირველი ანაზღაურება შესაბამისს კონტრაქტორებთან“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი თქმით, თანხის ჩამორიცხვის შესაძლებლობა 2026 წლის 30 ივნისამდეა, „თუმცა, ვფიქრობთ, პროექტის უფრო ადრე დასრულდება“.

ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების უარყოფითი შეფასების მიუხედავად, კომიტეტის წევრებს დღეს მამუკა კაკაურიძესთან შეკითხვები არ დაუსვამთ.

პროცედურის მიხედვით, სავალდებულო კომიტეტების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას განიხილავს წამყვანი კომიტეტი (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) და რატიფიცირებისთვის პლენარულ სესიაზე გავა.

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება – ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.

რა იგეგმება ხადაში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

მათი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტის ზემოქმედების ზონაში 9 სოფელი ხვდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთი დერეფნის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. მათი პოზიციით, ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს  და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყება  2019 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო დასრულება 2023 წელს.