„ხალხის ძალა“ მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებს და კვლავ ამერიკის ელჩზე საუბრობს

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ ანტიამერიკულრ განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში დეპუტატები კვლავ კონსპირაციულ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამერიკის ფინანსური დახმარების შესახებ და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს მიმართავენ.

ისინი ამბობენ, რომ კითხვებით მიმართეს ელჩს, მაგრამ ის მათ მიერ დასმულ საკითხებზე არ საუბრობს.

„ჩვენმა მოძრაობამ ამერიკის ელჩს მოუწოდა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ. თუმცა, ქალბატონმა დეგნანმა ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაარღვია და ჩვენს მოწოდებას დუმილით უპასუხა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ჩვენი შეკითხვების უპასუხოდ დატოვების ფონზე, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გასული წლების მანძილზე გულუხვად ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონ დეგნანს ჩვენ ვთხოვეთ, პირველ რიგში, დაეზუსტებინა, რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის მანძილზე საქართველოში დახარჯულმა თანხამ – 6 მილიარდი, 4,5 მილიარდი თუ 3,5 მილიარდი. ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც მათივე ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკამ საქართველოზე 4,5 მილიარდი დახარჯა, საიდანაც საქართველოში მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა. იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა. აქვე იმასაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო.

ეს კი, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.

სამწუხაროდ, ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, დახარჯული 3,5 მილიარდიდან რეალურად რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი დაბრუნდა ამერიკაში, მაგალითად, მათივე ამერიკელი თანამშრომლების მიერ აღებული მრავალათასიანი ხელფასების ან ამერიკული კომპანიების მიერ მომსახურებისთვის მიღებული მსხვილი თანხების სახით.

ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ”, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ ვრცელ განცხადებაში, რომელსაც საზოგადეობრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

4 ოქტომბერს მოძრაობას კიდევ ხუთი დეპუტატი და სხვა ცნიბილი პირები შეუერთნენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობაში გაერთიანებულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „POSTV-ის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშილმა მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია, საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მოგვიანებით დეპუტატებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა, რის შემდეგაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.