„ხალხის ძალას“ 200-მდე ახალი წევრი შეემატა

პუბლიკა

ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულ „ხალხის ძალას“ 200-მდე ახალი წევრი შეემატა, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები არიან. ინფორმაციას მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებია.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს უკავშირდებოდა და ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას – სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხს და მის გადაწყვეტილებებს შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლების „იარაღით შეცვლისკენ“ მოწოდება ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზგინგერისგან გაჟღერდა.

„შემაშფოთებელი არის, რომ საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, ხოლო საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ქ-მა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და მეტი არაფერი“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გარცელებულ განცხადებაში.


დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშილმა მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მიზანია, საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მოგვიანებით დეპუტატებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა, რის შემდეგაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.

მოგვიანებით, მათ შეუერთდა 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.