„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც „ფორმულას“ ეთერში გასულ აშშ-ის ელჩის ინტერვიუს ეხმაურებიან.
„უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა – გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია.
ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი“.
აქვე ვკითხულობთ, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, „ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული“. მათი განმარტებით, ამ მცდელობის მთავარი მიზანი „ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის“.
„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო „ნაციონალები“ კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მოყვანას“.