ხანძარი, რომელმაც სოხუმში გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში სამხატვრო გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღება გაამახვილოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე.“, – წერს ის.


21 იანვარს აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ფონდში დაცული ათასობით ნამუშევარი.

გალერეის კოლექციაში შედიოდა ოთხი ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.