ვოლსკი სოხუმში სამხატვრო გალერეაში ხანძარზე: მიმაჩნია, რომ ეს არის განზრახ დაგეგმილი გადაწყვეტილება

პუბლიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ სოხუმში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს.

მისივე თქმით, სოხუმში ბოლო პერიოდში პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა და შესაძლოა, ხანძრის გაჩენა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

„მაპატიონ ჩემმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ეს არის ნეგატიური განზრახ დაგეგმილი გადაწყვეტილება. კულტურის სამინისტრო აქ არაფერ შუაშია, მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თემაა. მე ხშირი ურთიერთობა მაქვს სოხუმთან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურისკენ. სწორედ აი, ამას უპირისპირდება ჩემი აზრით, ის ხანძარი, რომელიც ამ გამოფენაზე მოხდა. შეიძლება შემთხვევითაც მოხდა, მაგრამ მე უფრო მიდრეკილი ვარ იმისკენ, რომ ნეგატიურზე ვიფიქრო, ვინაიდან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.


21 იანვარს აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ფონდში დაცული ათასობით ნამუშევარი.

გალერეის კოლექციაში შედიოდა ოთხი ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.