ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს. ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს. ხანუმ ჯეირანოვას შვილების ინტერესს სასამართლოში სწორედ ორგანიზაციის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავდა. ის განმარტავს, რომ ხანუმ ჯეირანოვას შვილებმა კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა თანასოფლელმა კაცებმა სოფელში ჩამოატარეს, საჯაროდ სოფლის, ნათესავებისა და შვილების თვალწინ სცემეს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, ხანუმ ჯეირანოვა გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.
„საფარმა“ კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.
გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.
ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც იყო მოპასუხე მხარე, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა.
იურისტის თქმით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, „საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა.
პარალელურად, გამოძება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინაროებს, რომლის ფარგლებშიც, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, 5 კაცი დააკავეს. მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შესახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს.