ბოდიშის მოხდა ჯეირანოვას შვილებისთვის, კომპენსაცია და გამოძიება | გაეროს კომიტეტის დასკვნა

თათია ხალიანი

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა. გაეროს დასკვნაში ხანუმ ჯეირანოვას ისტორიაცაა აღწერილი:

ეთნიკურად აზერბაიჯანელსა და საქართველოს მოქალაქეს, ხანუმნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.

მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.

თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.

გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო.

„ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი “, – განაცხადა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ.

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და  დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.


2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა სახლიდან გამოიყვანეს, ფეხშიშველი სოფელში ჩამოატარეს, სცემეს  და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ღალატში სდებდნენ ბრალს. მეორე დღეს ხანუმ ჯეირანოვა ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა,  თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით  ოჯახის წევრები – მშობლები და ნათესავები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით საქმე აღძრა. ოჯახის წევრები ოთხ ადამიანს სდებდნენ ბრალს, თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე მოწმე დაკითხა რის შემდეგაც საქმე წინ აღარ წასულა.

მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა ოჯახის მიერ ერთ-ერთი ბრალდებული ფეხში დაჭრა, შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წელს აჯი გაჯიევი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

2018 წელს ხანუმ ჯეირანოვას საჯაროდ ცემისა და სიკვდილის საქმეზე „საფარმა“ და  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართეს.