ხარჩილავა: დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალეთ

პუბლიკა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, კუთვნილი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამატებით ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.

გია ხარჩილავა ამბობს, რომ შემთხვევას არ მოჰყოლია არც ერთი თანამდებობის პირის ან სხვა რეგიონების წარმომადგენლების გამოხმაურება, რასაც ის პოლიტიკურ პროცესს უკავშირებს.

„შეფასებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება გამოძიებამდე შეფასებისგან თავი შეიკავოს ადამიანმა, მაგრამ როცა ვხედავ სრულ სიჩუმეს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი გამოძიებაშიც გადაინაცვლებს და ამიტომ ჩავთვალე, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.

გუშინ ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე მივმართეთ და დღეს გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივმართავთ. თანამდებობა ყველა წარმავლია, ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ ხელისუფლებები იცვლებიან და ადამიანური ურთიერთობისთვის სივრცეები უნდა დავტოვოთ. ადამიანურ მოკითხვაში და სოლიდარობაში პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა მუშაობდეს“,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.