ხარჯი უნდა გადანაწილდეს სოციალურ მიმართულებებზე, არ არის ტაშ-ფანდურის დრო – რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯი მოქალაქეების დახმარების მიმართულებით უნდა გადანაწილდეს.

„ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, 7000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა  სასურსათო კალათები და ასევე, უზრუნველყოფენ მედიკამენტებით. ფინანსთა მინისტრს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე გაეწიოს ორგანიზება შესაბამის ცვლილებებს აჭარის ბიუჯეტში. მედიკამენტებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს ვთხოვთ მაქსიმალურ ჩართულობას.

მოახლოებულია ახალი წელი. რა თქმა უნდა,  ახალი წელი დადგება და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც არის გათვალისწინებული, იყოს მინიმალური და ეს ხარჯები მაქსიმალურად გადანაწილდეს მოქალაქეების როგორც სოციალურ, ასევე სამედიცინო მიმართულებებზე. ახლა არ არის დრო პომპეზური ტაშ-ფანდურების.

ყველა მხარჯავ დაწესებულებას და მათ შორის თვითმმართველობებს მინდა, გთხოვოთ, რომ ეს მოცემულობა გაითვალისწინოთ” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობა ბიზნესსაც დაეხმარება და იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს. შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. ,,ხოფის” ბაზრობის მოვაჭრეებიც.

„რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენს ღონისძიებებს, შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, ყველა მოიჯარეს, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, როგორც  აჭარის მთავრობასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ან საქვეუწყებო დაწესებულებებთან, გადაუვადდება და იჯარის გადასახადი, შესაბამისად გაუქმდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ხოფის” ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და  როგორც პირველ ეტაპზე, ახლაც სამი თვით გათავისუფლდებიან გადასახადებისგან” – განაცხადა რიჟვაძემ.