ხატია დეკანოიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო პოსტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი უნდა დაანებოს ყველამ. ასევე, როგორც ის ამბობს, ისეთი განცხადება როგორიც ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც, ოფისებიც და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი.