სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ენმ-ის ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ კობახიძეს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც, ოფისებიც და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი.

ლევან ხაბეიშვილი კლინიკა „ვივამედთან“ მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მან „TV პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ შეთავაზება აქვს „ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.

„მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ აქედანვე ვუთვლი რუსულ ოცნებას – მათ ხომ უნდათ, რომ ოპოზიცია გაქრეს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იყოს და ამით არიან დაკავებულები; ძვირფასებო, გაქვთ შანსი, ხომ გინდათ, რომ გავქრეთ, ჩვენ მზად ვართ – პარტია, თუ ისინი დააყენებენ იმ შედეგს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება …

მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან.

ჩათვალეთ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში, არ არის საკრებულოებში, არსად, ეს ხომ მათი ოცნებაა და ხომ მაგიტომაც ჰყავთ სააკაშვილი მძევლად. ამიტომ, თუ ეს შედეგი დადგება დღესვე, მზად ვართ, ზუსტად ათ წუთში, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. დიახ, ეს არის შეთავაზება – მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიის ცენტრალურ ოფისს კობახიძეს გადავუფორმებთ, არ არის პრობლემა“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით ეს მოხდება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ამის გარეშე ისინი არ აპირებენ „ხარაკირის“ გაკეთებას, შესაბამისად, არც პარლამენტს დატოვებენ და არც საკრებულოებს.