დეკანოიძე, ჟორჟოლიანი და დათუნაშვილი აცხადებენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ხატია დეკანოიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და თაზო დათუნაშვილი აცხადებენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

„დამიბარეს, მაგრამ ხვალ მივალ სასამართლოში… ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, სხვებს გაუგზავნონ მესიჯი, რომ ამ თემაზე აქტიურობა და საჯაროდ სტატუსების წერა ამ დისკომფორტს გამოიწვევს, რომ საკითხებზე სიარული მოუწევთ. ჩემი აზრით, მხოლოდ ამას ემსახურება ჩვენი დაკითხვაზე დაბარება“,- განუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსს.“

„ეს არის სისტემა, რომლის შექმნაშიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს… „ქართული ოცნების“ სისტემის ნაწილია ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძეც და რა თქმა უნდა, ამ სისტემის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, დარეკეს, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ირონიულიც არის, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სიბინძურეშია გახვეული „ქართული ოცნება“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ვინმე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხად მიბარებენ – ეს არის ადამიანი, რომლის არსებობაც მე შევიტყვე ღარიბაშვილის პოსტიდან. იმავეს ვეტყვი, რაც საჯარო განცხადებებზე ვთქვი მაგისტრანტ მოსამართლესთან გამომძიებლებსაც. აგრეთვე გავიმეორებ, რომ ყოველთვის გავაკეთებ ასეთ საკითხებზე პოლიტიკურ განცხადებებს, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოება ღირსია, რომ სწორად ესმოდეს თუ რა ხდება იმ პოლიტიკურ საღორეში, რომელიც ივანიშვილმა უკვე 14 წელია დაასვა საქართველოს თავზე“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ოლიტოლოგი, გია ხუხაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზეა დაბარებული, გამოცხადდება:  „მივალ და გავესაუბრები, გავიგებ რა უნდათ, რადგან ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, როგორც ასეთი ცალკე კომენტარი არ გამიკეთებია. ვიდრე ეს ადამიანი იტყოდა, არც ვიცოდი საერთოდ ვინ არის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

***********************

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს და მისი თქმით, ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს. ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.

ღარიბაშვილი წერს, რომ ლაზარე ჯორბენაძე ამ სტატიის რესპონდენტი იყო და მოგვიანებით თავი მოიკლა. ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა და წერს, რომ უნდა გაირკვეს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოთაღნიშნული პირები გამოიკითხებიან.