თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ხატიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლება კვლავ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ეროვნულ ბიუროს დილიდან ელოდებოდა. დღეს საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს, ოჯახი ასე ცდილობდა, არ შეეშვა აღსრულების პოლიცია სახლში.
ოჯახის მხარდასაჭერად სახლთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფი დილიდან იყო შეკრებილი.
როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
ოჯახი აცხადებს, რომ მზად არიან თანხა აანაზღაურონ და საქმე კონსტრუქციული მორიგებით დასრულდეს.