„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოიკითხებიან. ამის შესახებ „პუბლიკას” სუს-ში განუცხადეს. მათი თქმით, ისინი „მთავარი არხის” სიუჟეტთან დაკავშირებით გამოიკითხებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
გუშინ, 25 ივნისს ხათუნა სამნიძე facebook-ზე წერდა, რომ მას სუს-იდან დაურეკეს და ჰკითხეს, დაწერა თუ არა კონკრეტული პოსტი COVID-19-ის შესახებ. ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც აცხადებს, რომ ის უწყებაში უკვე დაიბარეს. მან „პუბლიკას“ განუცხადა, რომ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომელი პოსტის გამო დაუკავშირდნენ.
„პუბლიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ჟურნალისტი ნინო ჭელიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარებულია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, ხათუნა სამნიძეს კი უწყება ჯერ არ ჩაჰბარებია, თუმცა დღის განმავლობაში ოფიციალურად გაეგზავნება. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხათუნა სამნიძეც „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოიკითხება.
საუბარია სიუჟეტზე, სადაც „მთავარი არხის“ ცნობით, რამდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ მათი ოჯახის წევრები სხვა დაავადებით გარდაიცვალნენ, თუმცა მათ სთავაზობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ვირუსის ჩაწერას დასთანხმებოდნენ. ამის სანაცვლოდ კი თანხას სთავაზობდნენ.
„შესაძლებელია, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ისინი შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას“, – განგვიცხადეს უწყებაში.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტის რესპონდენტები მოწმის სახით გამოიკითხნენ და მათ განაცხადეს, რომ ამგვარი რამ არ უთქვამთ ჟურნალისტებისთვის და „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი.
მოგვიანებით, სუს-ს ტელეკომპანია „მთავარმა“ უპასუხა: „სუს-ში მოწმის სტატუსით დაბარებულმა რეპოდენტებმა, რომელთა შორის უხუცესი 80 წლის იყო, ზეწოლას ვერ გაუძლეს. ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ხელისუფელბამ ამ ეტაპზე თავის საწადელს მიაღწია, მოხუცები ოთხ წლამდე საპატიმრო სასჯელით დააშინა და ის მარნეულელი მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ სიკვდილიაონობის გაყალბებაზე საუბრობდნენ – გააჩუმეს”. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით აცხადებს ჟურნალისტი, რომ მოწმის სახით გამოკითხული რესპონდენტები დააშინეს, სიუჟეტში ნათქვამი არაა.