ხაზარაძე ადასტურებს, რომ ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე პირი „ლელოს“ წევრია

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე პირი „ლელოს“ წევრია

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. როგორც ვთქვი, არ ვიცით რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თქვა ოხანაშვილმა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს”, – ამბობენ შსს-ში.