ხაზარაძე: იმედია დადგება დრო და სააკაშვილი იტყვის, ვინ დაარწმუნა, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა

პუბლიკა

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც „ღალატზე, როგორც ქართულ ფენომენზე“ საუბრობს.

„30 წელია ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ, იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს. იმ იმედით, რომ ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, თუმცა… უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად და შემდეგ ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტყინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს”, – წერს ის.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. მისი თქმით, პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ.

„სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში. ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

არაბული ანდაზაა: „ის , რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდება“. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება. ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს. უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება!

იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, „არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების”, – ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს, დასვას წერტილი და დაიწყოს სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევებით სავსე დროს. როგორც ის ამბობს, მერე გვიან იქნება.