დღეს საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესი მიმდინარეობს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. ხაზარაძის თქმით, ყველანაირი მოლოდინი აქვს, მათ შორის პატიმრობის, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე.
„მოლოდინი არის ყველანაირი. თქვენ იცით, რომ მე ამ ნაბიჯზე წავედი შეგნებულად. არ გამოვცხადდი და პროტესტი გამოვუცხადე ე.წ. პარლამენტის კომისიას, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, შესაბამისად, ამ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს უფლებას, შევიდე უფრო სწრაფად ციხეში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა ამის დროც, დაე, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე: ეს იქნება სასამართლო დარბაზი, ეს იქნება საარჩევნო ყუთი, ეს იქნება ქუჩა თუ ასე შემდეგ და ამასთან დაკავშირებით, დღეს საღამოს მოგახსენებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას მოითხოვენ – შესაბამისი წერილი თეა წულუკიანის სახელზე ადვოკატებმა „ოცნების“ პარლამენტში უკვე შეიტანეს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.