ხაზარაძე: lelovote-ის საშუალებით მხარდამჭერებს შეეძლებათ, კანდიდატები დაასახელონ

პუბლიკა

პარტია „ლელო“ ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ხმის მიცემით თავად შეეძლებათ მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება, ასევე, პარტიის პროპორციული სიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა. მოქალაქეებს შეუძლიათ, ხმა სპეციალური ვებგვერდის საშუალებით მისცენ სასურველ კანდიდატს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ამ გზით მიღებულ შედეგებს პარტიის პოლიტსაბჭო კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს.

„დღეს ჩვენ, „ლელო“ ვიწყებთ ახალ კამპანიას – ჩვენი საარჩევნო გუნდის ფორმირებას საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანის, ამომრჩევლის, თანაგუნდელის, მხარდამჭერის, პარტიის წევრის აზრი, რათა დავაკომპლექტოთ ის გუნდი, რომელიც იქნება თქვენი ხმა.

ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ჩვენი 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, თუ რამდენად დიდი ინტერესი ჰქონდა ამ კამპანიას და გადავწყვიტეთ, ის გავშალოთ. გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იქნეს გათვალისწინებული.

ჩათვალეთ ეს ყველაზე დიდმასშტაბიან გამოკითხვად, რაც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი ამ კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს რამდენიმე პლატფორმა შემოთავაზებული, ძირითადად, სოციალური მედიის პლატფორმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.