ხაზარაძე პრეზიდენტს მიმართავს, დააყენოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გამოიყენოს შესაძლებლობა და დააყენოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი უკრაინასთან ერთად.

„მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, ამ ისტორიულ მომენტში, როცა დემოკრატიული სამყარო უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე სრულიად ახალ დღის წესრიგს ქმნის, თქვენც გამოიყენეთ ისტორიული შანსი და ევროპელ ლიდერებთან დააყენეთ ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი.

საქართველომ ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ქართველი ხალხი ერთსულოვანია ამ საკითხში და თქვენ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი მხარდაჭერა გექნებათ“,  – წერს მამუკა ხაზარაძე.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დღეს ევროპის ერთიანობა აუცილებელია და ევროპის მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე.