ხაზარაძე: ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ

პუბლიკა

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00-ზეა ჩანიშნული და მას მოსამართლე გიორგი არევაძე გაუძღვება. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემ.

„ეს პროტესტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ უიმედობა. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა. ამის გარკვევა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტსაც შეუძლია. სამწლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. არანაირი დარღვევა ამ საქმეში არ ყოფილა. ეს პროცესი ჩემთვის არის ტესტი. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც უყურებენ ამ პროცესს, არ დაკარგონ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება შრომით, გამჭვირვალედ და მიზანდასახულობით მიაღწიონ წარმატებას. ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.