„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა – დღეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი მორიგი პროცესი მიმდინარეობდა.
„ჩვენ მოვითხოვეთ მარტივი რაღაც, რომ მოვიდნენ ეს ადამიანები და გასცენ კითხვებს პასუხი – არ იბარებენ წულუკიანს, სუბელიანს და სხვებს. როგორ შეიძლება, ხვალ რომ თქვენ წაგიყენოთ ბრალი, არ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ვინც ბრალი წაგიყენა, იმას მოუსმინოთ?!
მე წამოვედი, დავტოვე სასამართლო. ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არა მაქვს – რა გადაწყვეტილებასაც არ მიიღებენ, ჩემთვის არის აბსოლუტურად სულერთი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით უნდა თქვა, რომ მე ამ სპექტაკლში, ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ. საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, თუ ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამ საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძეს, ისევე, როგორც ბადრი ჯაფარიძეს 50 000-50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.