ხელაშვილი: ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია იმას, რისთვისაც ყველაზე მეტი უნდა მიექცია

პუბლიკა

ევროპული პერსპექტივა არის ის, რასაც დიდი ხანია მოვითხოვდით ევროპისგან და თავისთავად ეს არის ძალიან კარგი, რაც მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„რატომ ვერ მივიღეთ უფრო მეტი, სამი დიდი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ. პირველი – გეოგრაფია, მეორე – მსხვერპლი და მესამე – პოლარიზაცია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკამ ითამაშა დიდი როლი თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს არა აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, მაშინ, როცა როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ესაზღვრება ევროკავშირს. აი, ეს ძალიან მარტივი არგუმენტი შეიძლება პირობითადად გადამწყვეტი ყოფილიყო ამ საუბრების დროს.“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შესრულებულ სამუშაოს და გატარებულ რეფორმებს სამწუხაროდ ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია.

„იყო ოთხი დიდი თემა და აქედან მხოლოდ ერთში ვიდექით მყარად. ეს თემები იყო: ევროპის გადაღლა გაფართოებით, გეოპოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ძალიან მძაფრი პოლარიზაცია. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი იყო ჩვენ მხარეს – ჩვენი შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. სამწუხაროდ ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია იმას, რისთვისაც ყველაზე მეტი უნდა მიექცია, ეს არის შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ეს არის გულდასაწყვეტი და უსამართლო. თუმცა ის, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.