ხელაშვილი: თუ დეოლიგარქიზაციის კანონს ავიღებთ, ოპოზიციის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ამ კრიტერიუმებში

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროკომისიის რეკომენდაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულებას „ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე“ პესიმისტურად უყურებს.

„მელანი არ იყო შემშრალი ამ დოკუმენტზე, როდესაც დღეს ოპოზიციის ამაზრზენი აქცია ვნახეთ, რომელიც კარგად ჯდება ორველის 1984 -ის ფაბულაში, როდესაც იმიჯი გამოაქვთ ადამიანის და ხდება ამ ადამიანზე ზიზღის პროვოცირება. თან ეს ხდება დემოკრატიის მოთხოვნით. ასევე 20 ივნისის აქცია, რომელიც გამოცხადებულია უკვე ორშაბათს და რომელიც თითქოს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ტარდება, მთავარი გზავნილი ფორმალურად ეს არის, მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ რა ფარული განზრახვები ამოძრავებთ, რომ აიწიოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ და გაღრმავდეს პოლარიზაცია. მაშინ როცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირაა დარჩენილი.“ – განაცხადა ხელაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ „ეს ოპოზიციისთვის შეიძლება საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს.“

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი სამივე ქვეყნის რეკომენდაციებშია და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უკვე მიიღო ეს კანონი უკრაინაა.

„ეს კანონი მიიღო უკრაინამ და ამ კანონის შესაბამისად ოლიგარქი ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, პიროვნება, რომელსაც აქვს გავლენა მასმედიაზე. პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია გარკვეულ სფეროში და მეოთხე მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს. თუ ამას ავიღებთ ოპოზიციის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში.

ოპოზიცია ცდილობს რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამან შეიძლება მათთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს თუ მთავრობა ამას სერიოზულად მიიღებს.

თუ ისინი იდენტიფიცირებულები იქნებიან როგორც ოლიგარქები ეკრძალებათ პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერა, პარტიების და კანდიდატების. დიდი საპრივატიზაციო ობიექტების შეძენა და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება. ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ოპოზიციის დასასრული მოვა საქართველოში.“ – განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისას უნდა მივყვეთ 19 აპრილის შეთანხმების პუნქტებს.

„დიდი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებულია, დარჩა რაღაცები რასაც სჭირდება დაჯდომა ოპოზიციასთან და ერთობლივად ამის გაკეთება. დანარჩენი საკითხები მარტივად შესასრულებელია და დეკემბერის ბოლომდე, როცა უნდა წარვადგინოთ ანგარიში, ვფიქრობ ეს მოხერხდება“ – თქვა ხელაშვილმა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile