„ხელფასების გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ვახერხებთ" - „ჯორჯიან მანგანეზი" პროტესტზე

პუბლიკა

„მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშორმელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს“, – „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებით მაღაროელების პროტესტს ეხმაურება.

„ხელფასის მატება, ძველი სამუშაო გრაფიკი, კუთვნილი შვებულება, ნაყოფიერ შრომაზე წამახალისებელი დანამატი, სპეცტანსაცმლის აღჭურვილობის მოწესრიგება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის მერიასთან მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. კერძოდ, ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე, თუმცა კომპანიის ინფორმაციით, უცვლელი რჩება თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

„უკვე წლებია, 2 662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 თანამშრომლისა. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია”, – წერია განცხადებაში.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3 382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია“, – ნათქვამია განცხადებაში.


მშრომელები სამუშაო პირობების შეცვლას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილ შვებულებებს და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღებას.

როგორც „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი მაღაროელი ამბობს, თუკი კომპანია არ დააკმაყოფილებს დასაქმებულთა მოთხოვნებს, მშრომელთა პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.