ხელისუფლება არის და იქნება მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის გარანტი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა მისი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობა ზრუნავს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე.

„2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს ახალარჩეულმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი რეფორმები ყველა მიმართულებით.

სამთავრობო პროგრამების შესაბამისად, განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის განმტკიცებისა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობისთვის.

ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, აუცილებელია ყველა ჯგუფის და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ამისთვის 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში. ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობდა ის 2014-2020 წლებში და გულისხმობდა ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას. ახლა კი ხელისუფლება ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს.

„საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის.

ჩვენ  გვჯერა, რომ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ, დავძლიოთ გამოწვევები და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა