„ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შერჩევითი საგადასახადო მიდგომებით მოქმედებს" -„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“

პუბლიკა
სამწუხაროდ, მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის, – „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს შექმნას თანაბარი საგადასახადო პირობები მაუწყებლებისათვის და საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და სამართლიანი.
„ტელეკომპანიების – TV პირველის, რუსთავი2-ის, კავკასიის, ასევე რამდენიმე რეგიონული არხის ანგარიშებზე, საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, შემოსავლების სამსახურმა საინკასო დავალება წარადგინა. მსგავს ავტომატურ სანქციას საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში არ იყენებდა მსხვილი მაუწყებლების მიმართ.
14 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2016 წლიდან ტელეკომპანია„რუსთავი2“-ს ჰქონდა 28 მილიონი, „იმედს“ – 19 მილიონი, „მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. დღემდე არ არის ცნობილი, როგორ მოხდება აღნიშნული დავალიანების გადახდა ან არსებობს თუ არა საგადასახადო შეთანხმება.
ამ ფონზე ფინანსთა სამინისტრო მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას აწარმოებს დამოუკიდებელი მედიების მიმართ, რომლებსაც არა მილიონობით, არამედ რამდენიმე ათასი, ზოგჯერ კი ათას ლარამდე მიმდინარე დავალიანება აქვთ.
სამწუხაროდ, მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. მოქმედმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე, 2012 წლის ოქტომბერში„რუსთავი2“-ს- 5 მილიონი, ხოლო“იმედს“ 13 მილიონი ლარი დავალიანება აპატია. მთავრობის განკარგულებითვე2015 წელს16 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე პერიოდში და შემდეგ ხელისუფლება მკაცრი საგადასახადო მოთხოვნებით უდგებოდა სხვა მედიაორგანიზაციებს, რასაც„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები პერიოდულად აპროტესტებდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.