„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ განცხადებებს.
პარტიების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გამოსვლები და მათზე „ოცნების“ რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე.
„სწორედ ახლა, როგორც არასდროს, დგება ერთიანობისა და გადამწყვეტი ნაბიჯების აუცილებლობა“, – აცხადებენ ისინი.
პარტიების განცხადებით, სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.
„არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.
პოლიტიკური პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით. მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია“, – ნათქვამია განცხადებაში.