კობახიძე: აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, იდარდონ NGO-ებმა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო სექტორში მიდის, ამიტომ თუ ამის გადახედვაზე წავა მსჯელობა, ამაზე NGO-ებმა უნდა იდარდონ.

კობახიძე ამ განცხადებით სენატორი ჯინ შაჰინის გამოსვლას გამოეხმაურა.

„დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის არ აქვს ფასი. NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ NGO-ებმა“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს.

სენატში, კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა:

„რეალობა არის ის, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა. ჩვენ მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხრივ. შესაძლოა, ამ დახმარების ნაწილი დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, თუმცა, მე ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლოს დამარწმუნეს, რომ, შეიძლება, ამის გაკეთება არ არის კარგი, თუმცა, ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი სტრატეგიის გადახედვის დრო“ – აღნიშნა მან.

ამავე სხდომაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა ხაზი გაუსვა, რომ შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამხედრო, დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის, ეკონომიკის გაძლიერების და სწავლების მიმართულებით.

„შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით, ათასობით ქართველი გაგზავნა შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – განაცხადა მან.

კარენ დონფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ კელი დეგნანის მიმართ უსამართლო კრიტიკა „ძირს უთხრის პარტნიორობას“.

ამერიკის შეერთებული შტატებმა 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა დაგეგმა.

დაფინანსება გათვალისწინებულია დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის და რუსეთის მავლე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად…

საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის ხაზით „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოა, სახელმწიფო დეპარტამენტი 24.9 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე შესაძლებელია მოძიება, რაში იხარჯება აშშ-ს მიერ გამოყოფილი დაფინანსება.

LB loan image desktop LB loan image mobile