ხელისუფლებას მოუწევს აღიარება, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება – ხმალაძე

პუბლიკა

დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ოპოზიციის ერთობლივი განცხადების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ. მისი თქმით, კონსტიტუციას ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება.

„ძლიერნი ამა ქვეყნისათა საუკუნეების განმავლობაში არ აღიარებდნენ, რომ დედამიწა მრგვალია, მაგრამ ბოლოს მოუწიათ ამის გაკეთება. რატომ? იმიტომ, რომ მართლაც მრგვალია. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს გაცილებით ადრე მოხდება, იმიტომ, რომ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.“ – თქვა ხმალაძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს. ის, ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული და  ქართულ რეალობას ითვალისწინებს, – ამბობენ ინიციატივის ავტორები.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ მოდელის შემოღებას კონსტიტუციაში ცვლილებები სჭირდება, რადგან ის მას არ შეესაბამება.

ოთხმა NGO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. იმავეს ამბობენ საქართველოში ცნობილი კონსტიტუციონალისტებიც.