ხელისუფლების დამოკიდებულება დემარშია „სამართლიანი არჩევნებისა” და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ - ISFED

პუბლიკა

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფი მუშაობას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  „სამართლიანი არჩევნები“ არ მიეწვიათ ამ სხდომაზე.

„სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა“ და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, „მათი კონსტრუქციული პოზიციისა და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად“.

„ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. „ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღევანდელი შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს.