სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებაში საგანგაშო არაფერია, რადგან ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოებაში მზარდი პროტესტია.
„ოცნების“ სტრატეგია ხელის გულზე დევს. მას სურს, საზოგადოებრივი აზრი დაარწმუნოს, იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღებაში არაფერი საგანგაშო არ არის, არაფერი ტრაგიკული არ არის. ეს შესაძლოა, არც არის მხედველობაში მისაღები, ანუ ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოებაში პროტესტი მზარდია, ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის [გასაპროტესტებლად], თან ეს საგარეო პოლიტიკა ხომ არ არის შიდა პოლიტიკისგან მოწყვეტილი. ევროპული ინტეგრაცია ამავე დროს არის საქართველოს მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის და ზოგადად მისი უკეთესი ცხოვრების გარანტია. ამიტომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ვერ დავაშორებთ. [ხელისუფლება] ხედავს, რომ საზოგადოება ღელავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩა ფარდის მიღმა, ის მოწყდა დასავლურ კულტურას და სოციალურ ცივილიზაციას და მას სურს, ეს პროტესტი გაანელოს. მას სურს, ჩააქროს საპროტესტო ტალღა, რომელიც აზვირთდა საზოგადოებაში და ამისკენ მთელი ძალისხმევაა მიმართული“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, ხელისუფლების მესიჯბოქსი წინააღმდეგობრივია, თუმცა ხელისუფლება ტესტავს, რომელი გზავნილი იმუშავებს საზოგადოებისთვის, ასევე მათი სხვადასხვა მესიჯბოქსი მიმართულია როგორც პროდასავლური, ასევე ანტიდასავლური განწყობის ამომრჩევლისკენ.
„ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ევროპასთან, ევროკავშირთან ინტეგრაცია კარგია, ევროპული პერსპექტივის მიღება ჩვენი გამარჯვებაა, ჩვენ ვეცდებით, შევასრულოთ ევროსტრუქტურების რეკომენდაციები და ა.შ. ერთი მხრივ, ეს მესიჯი მიეწოდება საზოგადოებას.
მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი ევროკავშირი ეს არის არა ნამდვილი ევროპა, არამედ ბიუროკრატიული ევროპა. ნამდვილი ევროპა, ნამდვილი ევროპული ღირებულებები მკვდარია და პირიქით, ქართულ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. ლაპარაკია იმაზე, რომ ევროპა გამოიფიტა, დასავლეთი შეცდა და ა.შ.
ეს მესიჯები წინააღმდეგობრივია, თუმცა ხელისუფლება აკვირდება, რომელი იმუშავებს, ეს მესიჯები დატესტვის რეჟიმშია და შემდეგ გააკეთებს იმ მესიჯებს, რომელიც უფრო „გაყიდვადია“.
ჯერჯერობით, ხელისუფლებას ეს არ გამოსდის, ორმა აქციამ ეს დაგვანახა და იმედი მაქვს, 3 ივლისის აქცია, რომელსაც რეგიონებიდან შემოუერთდებიან, უფრო მასშტაბური იქნება“, – აცხადებს ის.
სოციოლოგი განმარტავს, რომ ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი აზრის მიმხრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ის ამბობს, რომ „ოცნებისთვის“ პოლიტიკური ოპოზიცია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს, რადგან ის მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებს, რომ ოპოზიცია საზოგადოების ნაწილში ლეგიტიმაციით არ სარგებლობს. მისივე თქმით, ხელისუფლებას არც ევროპარლამენტის ან ევროსტრუქტურების პოზიცია აღელვებს, მაგრამ აშინებს ხალხი, რადგან ხალხი ძალაუფლების წყაროა.
„ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, გატეხოს საპროტესტო ტალღა იმაზე აქცენტით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არის მომავლის ამბავი, ახლო მომავლის ამბავი ან ყოველ შემთხვევაში ეს არის ის ნიშნული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში მიაღწევს და თუ ევროკავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირი შეცდა და ა.შ.“, – ამბობს კაჭკაშიშვილი.
სოციოლოგი ამბობს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ახლა კი ხელისუფლებისთვის მთავარია, ამ განზრახული შედეგით გამოწვეული პროტესტის განეიტრალება.
„ხელისუფლებას ჯერჯერობით ეს არ გამოსდის და იმედი მაქვს, არ გამოუვა და საზოგადოება მიხვდება, რომ ყველა ის მესიჯი, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საზიანოდ აწვდის მოსახლეობას, ეს არის ტვინების გამორეცხვის კამპანია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ორიენტაციასთან და ევროკავშირისთვის აუცილებელ ნაბიჯებთან. მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მუხტი უნდა შეინარჩუნოს და ამ მარცხში დიდი ფასი გადაახდევინოს ხელისუფლებას“, – აცხადებს ის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადების შეფასებისას კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მსგავსი მესიჯბოქსი ანტიდასავლური განწყობების ამომრჩევლისკენა მიმართული.