რიჟვაძე: „არა მგონია, ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“

პუბლიკა

აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში.

მან ასევე თავის შესავალ სიტყვაში ჰომოფობიური ტერმინი გამოიყენა და ამგვარად შეაფასა მიმდინარე საპროტესტო პროცესი.

„არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება. ასე რომ, ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი როგორც მშვიდობა ასევე სტაბილური განვითარება“, – თქვა მან.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აჭარაში 2019 წლის ტურისტული ნაკადები სრულად არის აღდგენილი.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.