ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის მონასტერში მიმდინარე სამუშაოების შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბოლო ორ წელიწადში ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები ქაოსურად და ფრაგმენტულად მიმდინარეობს.
იტალიური ასოციაციის რესტავრატორთა მიერ მომზადებულ კონსერვაციის მეთოდოლოგიას კი ის „შემაშფოთებელს” უწოდებს.
იტალიური ასოციაციის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით გელათის ფრესკებზე მუშაობა 2021 წლის ივნისში, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ არასწორი მეთოდოლოგიის გამო, კონსერვაციის სამუშაოების დაწყებამ გაააქტიურა ფრესკებზე არსებული დაზიანებების პროცესი.
„პუბლიკა“ კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ხელოვნების ისტორიკოს მზია ჯანჯალიას ესაუბრა.
- თქვენ თანაავტორობით მომზადებული დასკვნის მიხედვით, ტაძრის სრული კონსერვაცია ტენიანობის პირობებში არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც დაიწყეს. რა ზიანი მიაყენა ძეგლს ამ გადაწყვეტილებამ?
გააქტიურდა დაზიანების პროცესი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს დასკვნაში, არამედ უცხოელების დასკვნაშიც. თქვენ რომ ნახოთ საპატრიარქოს მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა, ეს საკითხი იქაც არის. ეს ელემენტარული საერთაშორისო სტანდარტია, რომ სრული კონსერვაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა სტრუქტურის საფუძველი იქნება მშრალი. იმაზე, რომ ინტერიერი და ექსტერიერი სველია, საუბრობს სააგენტოს მიერ დაქირავებული იტალიელი ექსპერტიც. ასეთ დროს, როცა სველია სტრუქტურა, სარესტავრაციო სამუშაოები დაზიანების პროცესს ააქტიურებს.
- კვლევაზე მუშაობის პროცესში აღმოაჩინეთ, რომ ფრესკებზე სარესტავრაციო ჩარევებიც განხორციელდა. ხელშეკრულებაში, რომელიც სააგენტომ შემსრულებელთან გააფორმა, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ჩარევებზე არაფერი იყო ნათქვამი. ჩანაწერი მხოლოდ მხატვრობის „სრულ კონსერვაციას“ ეხება. ანუ გამოიკვეთა დარღვევა, ჩატარებული სამუშაოები ხელშეკრულების პირობებს სცდება – ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ამ ფაქტის გამო?
ვერ გეტყვით, ვინც დებს ხელშეკრულებებს, მათ ჰკითხეთ. ეს ჩემი საქმე არაა.
- ტაძრის დასავლეთის მკლავის კონსერვაციის შემდგომ მდგომარეობაზე მინდა დაგისვათ შეკითხვა. ანგარიშში წერთ, რომ – მოხატულობების აღდგენილ მონაკვეთებთან დაზიანებების აქტივიზაციის პროცესი მიმდინარეობს – მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის გაფხვიერებისა თუ აქერცვლის სახით.
ფოტო-დოკუმენტაცია წარმოდგენილია ანგარიშში. დიახ, პროცესი გააქტიურდა. იმ ადგილებში, რომლებშიც ტონირება-რესტავრაციაცაა გაკეთებული, ჩანს, რა მდგომარეობაშია ფერწერების ზედაპირი. ჩანს აქერცვლა, მარილები და აქტიური დაზიანება.
- ტონირება-რესტავრაცია რომ არ გაკეთებულიყო, ასეთი დაზიანება არ გვექნებოდა?
ახლა დაზიანების პროცესია გააქტიურებული. აქ ერთ საკითხს ავხსნი – მხატვრობა შეიძლება იყოს დაზიანებული, ოღონდ ეს დაზიანება იყოს სტაბილური. მანდ მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევი – ისე უნდა მოიქცე, რომ ეს დაზიანების პროცესი არ გააქტიურდეს, რაღაც ხანს შეინარჩუნო სტაბილურად და თუ ხედავ აქტიურდება პროცესი, ჩაერიო.
- პირველი რიგში, რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარების შესაცვლელად?
მართვის პროცესი უნდა შეიცვალოს. არ უნდა იყოს ცენტრალიზებული, უნდა იყოს გათვალისწინებული პროფესიონალების აზრი. უცხოელი ექსპერტები დარგში საუკეთესოები არიან.
- ჯერ გამოშრობას უნდა დალოდებოდნენ და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო საკონსერვაციო სამუშაოები, ხომ ასეა?
როცა არის დაზიანება – აი, მაგალითად მარილი, რომელიც არის რაღაც დონეზე და შეიძლება იყოს წლობით, პროფესიონალის ამოცანაა, რომ თვალი მიადევნოს, ეს პროცესი წინ მიდის თუ გაჩერდა. უნდა მართოს ეს პროცესი არა ფიზიკური ჩარევით, არამედ პრევენციულად – გარემოს მონიტორინგით. სწრაფი გამოშრობა სახიფათოა, სწრაფი განიავებაც სახიფათოა. ძალიან ფაქიზი სამუშაოა, რომ არ მიიღო უარესი შედეგი. სწრაფ პროცესში არ გადაიყვანო დაზიანება, რომ გამომარილების პროცესი არ გაააქტიურო, რაც დამღუპველია. ბათქაში ცვივა იმ ადგილებში, სადაც ჩატარდა სრული კონსერვაცია. კონსერვაციამ ეს პროცესი გაააქტიურა და ეს დაზიანება ყოველდღიურად მოიმატებს.
- ანგარიშში გამოთქმულია ეჭვი არასწორი მეთოდოლოგიით წარმართული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ნეგატიური ეფექტის გაძლიერებაზე. რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?
უნდა შეიცვალოს მეთოდოლოგია, ჯგუფი, რომელიც მუშაობს, ისე მუშაობს, როგორც იცის და მეტი არ იცის. უნდა შეიცვალოს მართვა, უნდა იყოს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომლებიც გამოითქვა არაერთგზის. რაც არის, იმას აღარაფერი უშველის. ახლა არის საუბარი იმაზე, რაც მიმდინარეობს და რაც სამომავლოდ იქნება. მართვის პროცესი უნდა შეიცვალოს. არ უნდა იყოს ცენტრალიზებული, უნდა იყოს გათვალისწინებული პროფესიული აზრი. უცხოელი ექსპერტები დარგში საუკეთესოები არიან და მათი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია
„პუბლიკა“ კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ხელოვნების ისტორიკოს მზია ჯანჯალიას ესაუბრა.