ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საძიებო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებენ.

„ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან, “- ამბობენ უწყებაში.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 440 შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.