ხმალაძე 2008 წლის ომზე: თუ სასამართლო მიიჩნევს არაკონსტიტუციურად, დაწესდება სახელმწიფოს სუვერენიტეტის თვითშეზღუდვის პრინციპი

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ოცნების“ სარჩელში მოყვანილ არგუმენტაციას გაიზიარებს და ამ საფუძვლითაც გამოიტანს გადაწყვეტილებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის თვითშეზღუდვის პრინციპი დაწესდება.

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. პრეცედენტული სამართალია და თუ სასამართლო დაადგენს, რომ 2008 წლის ხელისუფლების მოქმედებები არაკონსტიტუციური იყო და ამან აიძულა რუსეთი, რომ დაეკავებინა საქართველოს ტერიტორია, სამომავლოდ მსგავს ვითარებაში ხელისუფლებას მოუწევს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით შეაფასოს ყველა ქმედება. ხმალაძე ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებია გამოყენებული იმის საჩვენებლად, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციას უჭერდნენ მხარს.

ამასთან, უგულებელყოფილია დოკუმენტში აღნიშნული გარემოება, რომ საომარი მოქმედებები რუსეთის მიერ უკვე დაწყებული იყო. ამავე ინტერვიუში ვახტანგ ხმალაძე საუბრობს 2006 წელს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზეც.

ხმალაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კრიტიკა შესაძლებელია, მაგრამ მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევა სამართლებრივად გაუმართლებელია.

„სარჩელი ძირითადად როგორ არის აგებული: აი, ამათი მოქმედება არის საბოტაჟი, ამიტომ უნდა აიკრძალოს; ან ამათ მიერ 2006 წელს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა  იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება. არ იყო არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს დროებითი ერთეული თავისი სტატუსით უფრო დაბალი იყო, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული. და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის შექმნის უფლება ხელისუფლებას აქვს.

შემდეგ, ამის შექმნამ შექმნა საფუძვლები იმისა, რაც 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. მანიპულაციებს აკეთებენ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებიდან, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ცდილობენ ეჩვენებინათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც ევროსაბჭოს წევრები იყვნენ, ისეთ რამეს დაუჭირეს მხარი, რაც იყო ანტისახელმწიფოებრივი, საქართველოს საზიანო.

არადა, ევროსაბჭოს გადაწყვეტილების წაკითხვა და მისი რომელიღაც ერთი აბზაცით შეფასება, ეს არის აბსოლუტურად არასწორი და ეს არის  ჟონგლიორობა ფაქტებით, როდესაც იმალება მთავარი და რაღაც ერთი, რომელიც კარგი არ არის, დავუშვათ ჩვენთვის, წარმოდგინდება, როგორც მთავარი და ქვეყნისთვის ზიანის მომყენებელი. ამ დროს არ ამბობენ იმას, რომ იმავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ საომარი მოქმედებები უკვე დაწყებული იყო რუსეთის მიერ და  ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ამ საომარი მოქმედებების ესკალაცია.

კი ბატონო, გამოიწვია. მაშინ თავის დროზე, როცა ეს ამბავი მოხდა, მაგალითად მე 2006 წელს პოლიტიკურად არასწორად მიმაჩნდა იმ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა, და ეს ნათქვამი მაქვს თავის დროზე, რადგან ვხედავდი გარკვეულ საფრთხეებს აქედან. მაგრამ ეს მოქმედება არ იყო არაკონსტიტუციური და სამართლებრივად მე ამას ვერ ვიტყოდი, რომ ეს არაკონსტიტუციური იყო. ამის უფლება ჰქონდა ხელისუფლებას – ხელისუფლებას და არა პოლიტიკურ პარტიას. ხელისუფლების მოქმედება, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ და ამან აიძულა ხელისუფლება ასე მოქცეულიყო, რადგან ეს არ თქმულა, არ დაწერილა.

იმდროინდელი ხელისუფლება  იყო არაერთპარტიული ხელისუფლება და მე რაღაც არ მახსოვს, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას პროტესტი გამოეთქვას ამის მიმართ. შეიძლება, რომელიმემ გამოთქვა კიდეც, მაგრამ პარლამენტი მრავალპარტიულია და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას.

იგივე, ვთქვათ, 2008-ში ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით – ომი დაწყებული იყო. საქართველოში რუსული ჯარის ინტერვენცია დაწყებული იყო. ამ მოქმედების პოლიტიკური შეფასება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს მოქმედება იყო არაკონსტიტუციური, ეს აბსოლუტურად არასწორია. თუ ამ მოქმედებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს არაკონსტიტუციურად, იმ მოტივით, რაც სარჩელში წერია, რომ ამან გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დავუკვირდეთ: რუსის ჯარი შემოვიდა, საქართველომ დაიწყო თავდაცვითი ომი.

ამ ომის დროს, ვთქვათ, დაიბომბა, ცხადია, ომის დროს სამხედრო ნაწილებიც დაიბომბებოდა და ის ადგილებიც, სადაც ეს ნაწილები იმყოფებოდნენ და ამან გამოიწვია რუსეთის მიერ ოკუპაციაო, ესე იგი, თითქოს ამ მოქმედებით ჩვენ ვაიძულეთ რუსეთი. საქართველომ, სახელმწიფომ აიძულა რუსეთი, რომ დაეკავებინა ჩვენი ტერიტორია.

გამოვა, რომ დაწესდება სახელმწიფოს სუვერენიტეტის თვითშეზღუდვის პრინციპი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, სანამ არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება, არის ე.წ. პრეცედენტული სამართლის გადაწყვეტილება და შემდგომი მსგავსი მოქმედებისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, ისარგებლოს ადრე მიღებული, ანუ ახლა მიღებული გადაწყვეტილებით და ის მოქმედებაც გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად.

ესე იგი, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მოქმედებისას უნდა შეაფასოს, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება რუსეთს, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს. და თუ ეს სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება არ მოეწონოს, ისეთია, რომ მან შეიძლება კომბალი გამოიყენოს, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. რა არის ეს თუ არა სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა? ეს ხიფათიც დევს ამ ამ სარჩელში“, – ამბობს ხმალაძე.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პარტია ამტკიცებს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს.

50-გვერდიან სარჩელში გვხვდება ქვეთავი – საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

ამ ქვეთავში „ოცნება“ ბრალდებებს ორ ნაწილად ყოფს: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004- 2012 წლებში ჩაიდინა არაერთი ქმედება, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა დააზიანა.

სარჩელში ჩამოთვლილია „ფაქტები და მტკიცებულებები“, რომლებიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით ადასტურებს, რომ 20024 წლიდან გეგმაზომიერად განახორციელეს რიგი ქმედებები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იყო ვითარების გამწვავებისკენ, მშვიდობიანი/ეკონომიკური ბერკეტების მოშლისა და სეპარატისტული რეჟიმის ირიბი ლეგიტიმაციისკენ და რომ თითქოს, ამ ფაქტებით შეიქმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალების შესაჭრელად.

ტექსტში აღწერილია 2004–2006 წლებში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, რომლებსაც სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს უწოდებს.

მაგალითად: ერგნეთის ბაზრობის გაუქმება (2004), თავდაცვის მინისტრის აგრესიული რიტორიკა და ინციდენტი რუსულ დელეგაციასთან (2006) ასევე სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული არჩევნებისა და მთავრობის შექმნა (2006) და სხვა მოვლენები.

„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად.“ – წერია სარჩელში.