ხმაური ბათუმის მერიაში | პოლიციამ ოპოზიციას მერის კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა

პუბლიკა

დილიდან ხმაურია ბათუმის მერიის შენობაში, საიდანაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია დილიდან მერიაში აქციას მართავს და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილესა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირებაზე მერისგან რეაგირებას მოითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის შენობას არ დატოვებენ და ბოლომდე იბრძოლებენ ბათუმში კორუფციისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ.

ბათუმის მერიის შენობაში სამართლადამცველები არიან მობილიზებულები. დაცვის თანამშრომლები ოპოზიციას მერთან შეხვედრის საშუალებას აღარ აძლევენ.

დაპირისპირების დაწყებამდე ენმ-ის წარმომადგენლებმა ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან გამართულ შეხვედრაზე შეკითხვა დასვეს, რატომ დადიოდა მერიის თანამშრომელი იარაღით და რატომ არ აქვს მერიას რეაგირება ბათუმში უკანონო მშენებლობებზე.

საუბარია შემთხვევაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ მფლობელი ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე აცხადებს, რომ მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.

ენმ-ის წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა მერს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წარუდგინა და განაცხადა, რომ ზედამხედველობის სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

ოპოზიცია გამოძიების დასრულებამდე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

მერიის შენობაში იმყოფებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელმაც განაცხადა, რომ მის მოადგილეს იარაღის ტარების უფლება აქვს. მერმა არჩილ ჩიქოვანმა კი ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ უნდა დაელოდონ გამოძიების დასრულებას. ჩიქოვანის მტკიცებით, ყველა შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს ეფექტიანად და კანონის ფარგლებში ყველა ღონისძიება გატარდება.

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის განცხადებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურში კი განმარტეს, რომ „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია, რასთან დაკავშირებითაც ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. აღნიშნული ობიექტი მუნიციპალურმა ინსპექციამ ეტაპობრივად 10-ჯერ დააჯარიმა მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. …მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი“.