ხმის მიცემა ძველი პირადობებით | ინჯიას ინიციატივა პარლამენტმა II მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა მეორე მოსმენით – 81 ხმით დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

კანონპროექტის თანახმად:

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ

ფრიდონ ინჯიას  განმარტებითი ბარათის თანახმად, ძველ, ქაღალდის პირადობის მოწმობას ათობით ათასი ადამიანი ფლობს, რაც მათთვის საარჩევნო უფლების წართმევაა. ინჯია მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტის მფლობელებს ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნება” სამივე მოსმენაზე გაიტანს და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ითქვა, რომ 2011 წლამდე გამოშვებული ყველა პირადობის მოწმობა გაუქმდება, თუმცა, თუკი გაუქმებული პირადობის მქონე ადამიანი ისევ ძველ პირადობას მოითხოვს, შეძლებს ისევ ლამინირებული პირადობის მოწმების აღებას.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ 2024 წელს არჩევნებში ძველი პირადობების გამოყენება „ოცნებისთვის” არჩევნების გაყალბების ბერკეტია.