„სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე?” – ამბობს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე.
იგი შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული.
„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა”. – ამბობს იგი.
„ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს. სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ.
მანამდე სანქციების შესახებ ისაუბრა კიდევ ერთმა მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ეს განცხადებები მათ მოსამართლეთა კონფერენციაზე „1 არხთან” გააკეთეს, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეების კონფერენცია იმართებოდა, სინდისის პატიმრების მშობლების აქციაც ჩატარდა – მათ მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
მშობლებს ხელში ეჭირათ იმ მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, რომლებიც მათი შვილების საქმეებს განიხილავენ.