ხორბლის ფქვილს მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს | მინისტრის განმარტება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ კონსულტაციები გაიარა სექტორთან, მწარმოებლებთან და გადაწყვიტეს, პურის ფქვილის იმგვარად სუბსიდირება, რომ შენარჩუნდეს პურის არსებული ფასი.

„პური არის განსაკუთრებული, სტრატეგიული პროდუქტი. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი.

ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა, რეგულარული შეხვედრები  მწარმოებლებთან, რომლის შედეგად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ პურის ფასის ზრდა აგვაცილოს თავიდან. პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. მოსახლეობას მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვე, 31 მარტამდე. შემდგომ დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზარზე.

იმის მიხედვით, როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე, მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წისქვილებთან შეთანხმებით, 53 ლარი იქნება პირველი ხარისხის ფქვილის ფასი (დაახლ. 50-კილოიანი ტომარა). სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა. მისივე თქმით, სახელმწიფოს პროგრამა დაუჯდება 2-2.5 მილიონი ლარი თვეში, მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით განსაზღვრავს.